Other (Optional Subject)
პროექტის “ჩვენ ვცვლით ერთმანეთს” ფარგლებში “ათასწლეულის სკოლის” მე-10 კლასის მოსწავლეებმა საკლასო სივრცეში იმსჯელეს საზოგადოების მრავალფეროვნებაზე, გაიაზრეს, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც შეიძლება მათგან განსხვავდებოდნენ და საჭიროებდნენ საზოგადოების დანარჩენი წევრების მხრიდან უფრო მეტ თანადგომას და მხარდაჭერას. ბავშვებმა მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების გაანალიზების მიზნით, შეისწავლეს სახალხო დამცველის აპარატის 2016 წლის კვლევა, რომელიც ეხება ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში, განსაკუთრებით, კი ყურადღება გაამახვილეს მზრუნველობამოკლებული ბავშვების მდგომარეობის შეფასებაზე. მოსწავლეებმა ნახეს ფილმი „უხილავი ბავშვები“, სადაც აღწერილია სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა სოციალური, ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვების მძიმე ყოფა და ბრძოლა გადარჩენისთვის. მოსწავლეებმა ფილმის ყურების შემდეგ, შეადარეს რამდენად ახლოსაა ქართულ რეალობასთან ფილმში ასახული პრობლემები და იმსჯელეს სახელმწიფოსა და საზოგადოების როლზე ბავშვებისთვის მშვიდობის, სიცოცხლის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. საკითხის შესწავლის და გაანალიზების შემდეგ მოწყვლად ჯგუფებთან უშუალო თანამშრომლობის და თანადგომის გამოხატვის მიზნით, შევარჩიეთ სკოლასთან ახლოს მდებარე „SOS ბავშვთა სოფელი“, სადაც მზრუნველობამოკლებული ბავშვები ცხოვრობენ. მოვიწვიეთ ამ ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი, რომელმაც საფუძვლიანი ინფორმაცია მოგვაწოდა ორგანიზაციის საქმიანობის, მათი ბენეფიციარების საჭიროებების და ემოციური მდგომარეობის შესახებ. მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით პროექტის დასკვნით ეტაპზე ათასწლეულის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია “SOS ბავშვთა სოფლის” აღსაზრდელებისთვის დაგეგმეს ტრენინგი, რომლის საშუალებითაც მზრუნველობამოკლებულმა ბავშვებმა კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი აზროვნების უნარები გაიუმჯობესეს. თავის მხრივ, მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვით სკოლის მოსწავლეებში ამაღლდა სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია, რაც მათ საზოგადოებრივად აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.