2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა მედიაწიგნიერებას განსაზღვრავს, როგორც გამჭოლ კომპეტენციას. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მედიაწინიერების უნარები მოსწავლეს ყველა საგნობრივ ჯგუფში უნდა განუვითარდეს. მოსწავლემ უნდა შეძლოს როგორც ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, ასევე, მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება, ინფორმაციის „გაფილტვრა“ და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება.
მედიაწიგნიერების კონცეფცია დაკავშირებულია კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან. კერძოდ, თუ მედიაწიგნიერებას განვიხილავთ, როგორც, ერთი მხრივ, ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში ორიენტირების, ინფორმაციის გაფილტვრისდა, მეორე მხრივ, ახალი ინფორმაციის/ცოდნის შექმნისა და გაზიარების ინსტრუმენტს, ადვილია დავინახოთ მისი კავშირი კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან. ინფორმაციის გაფილტვრა რთულია კრიტიკული აზროვნების უნარის გარეშე, ხოლო ახალი ინფორმაციის შექმნას კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება სჭირდება.
მედიაწიგნიერების ერთ-ერთი მთავარი მკვლევრის, ჯეიმს პოტერის მიხედვით, „მედიაწიგნიერება არის პერსპექტივათა კრებული, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ მასმედიასთან ურთიერთობისას, რათა შემხვედრი გზავნილების მნიშვნელობა განვმარტოთ.“
მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე. მედიაწიგნიერება გულისხმობს ინფორმაციაზე კონტროლის დამყარებას. რაც უფრო მაღალია ადამიანის მედიაწიგნიერების ხარისხი, მით უფრო დიდია რეალურ სამყაროსა და მედიის მიერ შექმნილ სამყაროს შორის არსებული საზღვრის დანახვის უნარი. როდესაც ადამიანიმედიაწიგნიერია, ეს მას ეხმარება, სწორად გაიკვალოს გზა ინფორმაციის სამყაროში. მედიაწიგნიერი ადამიანიიძენსგამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რომელიც მისთვისსასარგებლოა; ხოლო მისთვის საზიანო ან ზედმეტ ინფორმაციას თავს არიდებს. მედიაწიგნიერი ადამიანი არ ექცევა ინფორმაციის წნეხში და არ აძლევს მედიას საშუალება, დააპროგრამოს მისი გონება და მისი დღის წესრიგი. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მედიაწიგნიერების მიდგომები ფართოდ იქნას გამოყენებული სწავლების პროცესში როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში.
წინამდებარე ვებპორტალის მიზანია მედიაწიგნიერების პოპულარიზება და ქართულ კონტექსტზე მორგებული საგანმანათლებლო მასალების შექმნაში განათლების სპეციალისტებისა და მასწავლებლების უშუალო მონაწილეობა.